თავ-კისრის ქირურგია
ყოველწლიურად მსოფლიოში ფიქსირდება ავთვისებიანი სიმსივნეების 14 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა. აქედან თავისა და კისრის ლოკალიზაციის სიმსივნეების ახალ შემთხვევათა რიცხვი დაახლოებით 780 000-ს შეადგენს. თვითონ ტერმინი,, თავისა და კისრის რეგიონის სიმსივნეები” მოიცავს სხვადასხვა ჰისტოპათოლოგიური სტრუქტურის მქონე როგორც კეთილთვისებიან, ისე ავთვისებიან სიმსივნეებს, რომლებიც ლოკალიზდებიან ტუჩისა და პირის ღრუს ლორწოვანზე, ხორხში, ხახის ლორწოვანზე, საყლაპავის კისრის ნაწილზე, ზედა და ქვედა ყბაზე, დიდ და მცირე სანერწყვე ჯირკვლებში, თავისა და კისრის არეში კანზე, ფარისებრ ჯირკვალში და ა.შ.
საქართველოში ყოველწლიურად კიბოს რეგისტრის მონაცემებით ფიქსირდება პირველად დადგენილი ავთვისებიანი სიმსივნეების 10 000-მდე ახალი შემთხვევა. საგანგაშოა ის ფაქტი, რომ როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში ყოველწლიურად აღინიშნება კიბოს ახალი შემთხვევების რაოდენობის განუხრელი ზრდა.
“მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში” ტარდება თავისა და კისრის ლოკალიზაციის სიმსივნეების ქირურგიული, მედიკამენტოზური, კომპლექსური და კომბინირებული მკურნალობა. ჩვენს კლინიკაში სრულდება ყველა სირთულის მანიპულაცია და ოპერაცია, დაწყებული მინიმალური ინვაზიის დიაგნოსტიკური პროცედურებიდან, დასრულებული გაფართოებულ-კომბინირებული და აღდგენით – რეკონსტრუქციული ოპერაციებით.
ჩვენს კლინიკაში თავისა და კისრის ლოკალიზაციის სიმსივნეების გამო წლის განმავლობაში ტარადება 3000 – მდე ოპერაცია, მათ შორის 1200 – მდე ოპერაცია ავთვისებიანი სიმსივნეების მქონე პაციენტებში. ბოლო წლების სტატისტიკური მონაცემებით საქართველოში თავისა და კისრის ლოკალიზაციის ავთვისებიანი სიმსივნეების გამო წარმოებული ოპერაციების 75 – 80 % ტარდება ჩვენს დაწესებულებაში.
გარდა ამისა წლის განმავლობაში ჩვენს კლინიკაში ტარდება 150-მდე ქირურგიული ჩარევა სხვა კლინიკებში ჩატარებული არარადიკალური ოპერაციების გამო.
ფარისებრი ჯირკვლის კიბოს პრობლემა განსაკუთრებულად აქტუალურია თანამედროვე ონკოლოგიაში. საქართველოს კიბოს რეგისტრის, ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეები სიხშირით მეორე ადგილზეა ქალებში ძუძუს კიბოს შემდგომ და მეხუთე ადგილზე საერთო პოპულაციაში.
ბოლო 30 წლის განმავლობაში, ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიან სიმსივნეთა რიცხვი გაზრდილია 300%-ით. საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ყოველწლიურად აღინიშნება ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეების ახალი შემთხვევების რაოდენობის განუხრელი ზრდა. ამასთან ერთად, შეინიშნება დაავადების გაახალგაზრდავების ტენდენცია.
ფარისებრი ჯირკვლის დიფერენცირებული ფორმების სიმსივნეების კლინიკური მიმდინარეობა, განსხვავებით სხვა ლოკალიზაციის ბევრი ავთვისებიანი სიმსივნისგან, ნაკლებად აგრესიულია და მკურნალობის შედეგებიც შესაბამისად გაცილებით უფრო მაღალია. ძირითადი სიმპტომი არის კვანძოვანი წარმონაქმნის არსებობა ფარისებურ ჯირკვალში, თუმცა, იშვიათ შემთხვევებში დაავადება შეიძლება გამოვლინდეს, კისრის რეგიონულ ზონებში მეტასტაზური კვანძების გაჩენით.
ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეები ძირითადად ოთხი ფორმით გვხვდება. ესენია: პაპილური, ფოლიკულური, მედულური და არადიფერენცირებული. ყველაზე ხშირია პაპილური სიმსივნეები და მათი მკურნალობის ეფექტურობაც გაცილებით მაღალია სხვა ფორმებთან შედარებით. ყველაზე ცუდი პროგნოზი აქვს არადიფერენცირებულ სიმსივნეებს.
მკურნალობა
ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობის ძირითად მეთოდს წარმოადგენს ქირურგიული ჩარევა. პაპილური და ფოლიკულური სიმსივნეების შემთხვევაში, დაავადების კლინიკური და ჰისტოლოგიური მონაცემების მიხედვით, შემდგომ ეტაპზე შესაძლოა საჭირო გახდეს რადიაქტიური იოდით მკურნალობის ჩატარება.
რეაბილიტაცია
ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია, როგორც წესი, საკმაოდ იოლად მიმდინარეობს და პაციენტი უმოკლეს პერიოდში უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევაში, პაციენტს მთელი ცხოვრების განმავლობაში ესაჭიროება ჩანაცვლებითი თერაპია ლევოთიროქსინით. ამასთან ერთად, პაციენტებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ესაჭიროებათ მონიტორინგი, იმისათვის, რომ დროულად მოხდეს დაავადების შესაძლო რეციდივის აღმოჩენა.
„მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში” საჭიროების შემთხვევაში, ოპერაციის დროს, გამოიყენება ნეირომონიტორინგის აპარატი, რომლის საშუალებითაც ხდება შებრუნებული ნერვების ვიზუალიზაცია, რაც მინიმუმდე ამცირებს ისეთი პოსტოპერაციული გართულებების რისკს, როგორებიცაა ხმის ტემბრის შეცვლა და სუნთქვის გაძნელება.
ფარისებრ ჯირკვალზე ოპერაციების შემდგომ მაქსიმალური კოსმეტიკური ეფექტის მისაღწევად „მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში” კეთდება მინიმალური ზომის განაკვეთები, ხოლო ჭრილობა იხურება ატრავმული ნაკერით (კანქვეშა ნაკერით ან სპეციალური წებოს გამოყენებით).
ჩვენი ქირურგების გუნდი, რომელსაც ბ-ნი კონსტანტინე მარდალეიშვილი 1984 წლიდან ხელმძღვანელობს, დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ენდოკრინული ქირურგებისგან. ბოლო წლების სტატისტიკური მონაცემებით, ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეების გამო ჩვენს კლინიკაში ტარდება საქართველოში წარმოებული ოპერაციების 75-80%.
გარდა ამისა, „მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში” ყოველწლიურად ტარდება 100-120 რეოპერაცია საქართველოს და უცხოეთის სხვა კლინიკებში ფარისებრ ჯირკვალზე შესრულებული არარადიკალური ოპერაციების გამო. ეს განპირობებულია იმით, რომ არაპროფილურ დაწესებულებებში ხშირ შემთხვევაში არასწორად ხდება მკურნალობის ტაქტიკისა და ოპერაციის მასშტაბის შერჩევა.
ხორხში შესაძლოა განვითარდეს როგორც კეთლთვისებიანი, ასევე ავთვისებიანი სიმსივნეები. სისმივნის კლინიკური გამოვლინება: დამოკიდებულია მის მდებარეობაზე ხორხში, ყველაზე ხშირი არის ხმის ტებრის შეცვლა, სუნთქვის გაძნელება, უცხო სხეულის შეგრძნება ყელის არეში და ტკივილის ირადიაცია ყურში – თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში დაავადება შესაძლოა მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ. ხორხის კეთილთვისებიან სიმსივნეებს მიეკუთვნება: ფიბრომა, პოლიპი, პაპილომა (იუვენილური, ზრდასრულთა), ჰიპერპლასტიური ლარინგიტი და სხვა. ხორხის კიბო სიხშირით პირველ ადგილზეა ზედა სასუნთქი გზების ავთვისებიან სიმსივნეებს შორის. მისი გამომწვევი მიზეზებია: თამბაქოს მოხმარება (დაავადებულთა 94-97% მწეველია) და ქრონიკული ანთებითი პროცესები, ალკოჰოლი, დაბინძურებული ჰაერით დიდი ხნის განმავლობაში სუნთქვა, ასევე კეთილთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნების ხანგრძლივი არსებობა. ხორხის კიბოს მკურნალობაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დაავადების ადრეულ გამოვლინებას, რისთვისაც საჭიროა:
- პაციენტის პირველადი გასინჯვა: არაპირდაპირი ლარინგოსკოპია;
- ფიბროლარინგოსკოპია – ერთერთი ყველაზე ინფორმატიული გამოკვლევაა ხორხის კიბოს შემთხვევაში. ამ გამოკვლევის დროს, პაციენტისთვის უვნებლად, შესაძლებელია, არამარტო დეტალურად დათვალიერდეს ხორხის ყველა განყოფილება, არმედ განხორცილედეს ბიოფსიაც, მასალის შემდგომი ციტოლოგიური და ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევისათვის;
- ხორხის კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოკვლევა, რაც მნიშვნელოვანია დაავადების გავრცელებისა და მისის ხორხის ხრტილოვან ნაწილში ინვაზიის შესაფასებლად
- კისრის ულტრაბერითი გამოკვლევა – რათა ნანახი იქნას რეგიონული ლიმფური კოლექტორის მდგომარეობა (გამოირიცხოს მათი მეტასტაზური დაზიანება);
- მეტასტაზურ დაზიანებაზე საეჭვო ლიმფური კვანძის აღმოჩენის შემთხვევაში მისი წვრილნემსიანი დამიზნებითი ბიოფსიის განხორციელება, მასალის შემდგომი ციტოლოგიური გამოკვლევით.
ხორხის კიბოს შემთხვევაში “მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში” მკურნალობის ტაქტიკის შერჩევა ხდება მულტიდისციპლინარული გუნდის მიერ (ქირურგები, რადიოლოგები, კლინიკური ონკოლოგები და სხივური თერაპევტები).
ჩვენს კლინიკაში გამოცდილი და კვალიფიციური სპეციალისტების მიერ ტარდება სხვადასხვა სირთულის ოპერაციები: დაწყებული – ენდოლარინგელური (ორგანოსშემანარჩუნებელი) ლაზერული მიკროქირურგიული ოპერაციებით, დასრულებული ხორხის მთლიანი ამოკვეთით, კისრის რეგიონალურ ლიმფურ კოლექტორთან ერთად.
“მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში” სხივური და ქიმიო თერაპია ასევე ხორციელდება მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ, ულტრათანამედროვე აპარატურისა და დანადგარების გამოყენებით.
ყბაყურა ჯირკვლის ძირითადი ფუნქცია ნერწყვის პროდუქციაა რომლის პასაჟიც, პირის ღრუში, ხორციელდება სტენონის სადინრის საშუალებით. პროდუცირებული ნერწყვი ძირითადად სეროზული შემადგენლობისაა და შეიცავს ისეთ მნიშვნელოვან ნივთიერებებს, როგორებიცაა ლიზოციმი, ამილაზა, IgA, მათ დიდი როლი აკისრიათ პირის ღრუს ლუბრიკაციის, ბუფერული და იმუნოლოგიური თვისებების გაუმჯობესებაში, კბილების მინერალური ბალანსის შენარჩუნებაში. გარდა ზემოაღნიშნულისა, ყბაყურა სანერწყვე ჯირკვალი წარმოადგენს ლიმფურ დრენაჟს სახისა და ქალას შესაბამისი ნახევრის რბილი ქსოვილებისთვის. ამიტომაც, ჩვენ პრაქტიკაში ვხვდებით არა მხოლოდ დამოუკიდებლად ყბაყურა სანერწყვე ჯირკვლის დაავადებებს, არამედ მათში თავის თმიანი საფარველის, სახის ზედა ნაწილის რბილი ქსოვილების ავთვისებიანი სიმსივნეების მეტასტაზების გავრცელებას ლიმფური გზების საშუალებით.
“მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის” თავ-კისრის ქირურგებს პრაქტიკაში გვხვდება ყბაყურა სანერწყვე ჯირკვლის შემდეგი დაავადებები: 1. სიალოლითიაზი (კენჭოვანი დაავადებებით გამომტანი სადინრის დახშობა, რაც მეორადად იწვევს ანთებით პროცესებს, სიალოადენიტის განვითარებას), 2. ყბაყურა ჯირკვლის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები:
- პლეომორფული ადენომა -60%
- მუკოეპიდერმოიდული კარცინომა 20%
- მონომორფული ადენომა -10%
- ადენოცისტოზური კარცინომა -4%
- ადენოკარცინომა -4%
- არადიფერენცირებული კარცინომა 1%
- მეტასტაზური კარცინომა -1%.
“მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის” თავ-კისრის ქირურგიის განყოფილებაში დიდი გამოცდილებით და წარმატებით ტარდება ყბაყურა სანერწყვე ჯირკვლის სიმსივნური დაავადებების მკურნალობა. ყოველდღიურ პრაქტიკაში გვხვდება ყბაყურა სანერწყვე ჯირკვლის ნაწილობრივი და სრული ამოკვეთა, დაავადების ხასიათის და გავრცელების მიხედვით. ამ ოპერაციების დიდი უმრავლესობა ჩვენს კლინიკაში სახის ნერვის ყველა ტოტის შენარჩუნებით მიმდინარეობს. ეს წლების განმავლობაში დაგროვილი დიდი გამოცდილების, თანამედროვეობისკენ სწრაფვის მუდმივი სურვილის შედეგია, რისი თვალსაჩინო მაგალითიცაა ჩვენს კლინიკაში ულტრათანამედროვე ინტრაოპერაციული ნეირომონიტორინგის აპარატის გამოყენება ყოველდღიურ პრაქტიკაში, შედეგად, ინტრაოპერაციულად გარდა ვიზუალურისა ვაწარმოებთ სახის ნერვის ტოტების გამტარებლობის ციფრულ კონტროლს, რაც საბოლოოდ საშუალებას აძლევს პაციენტებს, იცხოვრონ სრულფასოვანი ცხოვრებით. გარდა ზემოაღნიშნულისა სამწუხაროდ არის შემთხვევები (უმეტესად ავთვისებიანი სიმისვნეების დროს), როდესაც დაავადება ინვაზირებს სახის ნერვის რომელიმე ან რამდენიმე ტოტში. ამ შემთხვევაში ონკოქირურგიულ ოპერაციასთან ერთად ტარდება ფუნქციის აღმდგენი ოპერაციები, როდესაც ალონერვის გამოყენებით ვაწარმოებთ დაზიანებული უბნების რეინერვაციას, შედეგად აღდგება არა მხოლოდ სახის მიმიკური კუნთების მოქმედება, არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციებიც.
პირის ღრუ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის საწყისი ნაწილია, სადაც მიმდინარეობს საკვების პირველადი ქიმიური და მექანიკური დამუშავება. იგი ამოფენილია მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელიუმით. პირის ღრუ წარმოადგენს ორგანოთა ერთობლიობას (ენა, ტუჩები, სასა, კბილები, სანერწყვე ჯირკვლები, პაროდონტი, ყბები), სადაც თითოეული მათგანი მონაწილეობას იღებს საჭმლის მიღება-დაქუცმაცებაში, ლუკმის ფორმირებასა და ყლაპვის აქტში. თუ ზემოთ ჩამოთვლილი ორგანოებიდან რომელიმე არასრულფასოვნად ასრულებს თავის ფუნქციას, ამ შემთხვევაში ხდება სხვა ორგანოების ფუნქციური გადატვირთვა, რაც იწვევს მათ ტრავმირებას და მივყავართ სხვადასხვა ტიპის დაავადებებამდე. ზემოთ აღნიშნული ორგანოს ფუნქციის მოშლა შეიძლება განპირობებული იყოს სახვადასხვა მიზეზებით. მაგალითად: მავნე ჩვევები (სიგარეტის მოწევა, ტუჩის კვნეტა, ენის ღეჭვა და სხვა.); არასწორედ დაბჟენილი კბილები, არასწორედ დამზადებული კბილის პროთეზები და სხვა.
პირის ღრუში სიმსივნეების განვითარებაში ერთ-ერთ უმთავრეს რისკ-ფაქტორს წარმოადგენს ქრონიკული ტრავმა, თამბაქო და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება. გარდა ამისა, მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორს წარმოადგენს პაპილომა ვირუსი. პირის ღრუში გაჩენილი სიმსივნეების უმრავლესობის აღმოჩენა ხდება პაციენტების მიერ, რის შემდგომაც უმრავლეს შემთხვევაში მიმართავენ ექიმს. ეს არის ძირითადად სტომატოლოგი, რომელიც ამისამართებს პაციენტს სპეციალიზირებულ კლინიკაში.
პირის ღრუს სიმსივნეების აღმოჩენაში დიდ როლს თამაშობს თვითგასინჯვა, ტკივილის სინდრომის გაჩენა. დიდი როლი ენიჭება ექიმთან გეგმიურ ვიზიტებს და ეჭვის შემთხვევაში სპეციალიზირებულ კლინიკაში გადამისამართებას. ასევე, მნიშვნელოვანია, ამოკვეთილი მასალის მორფოლოგიური შესწავლა, რომლის დროსაც ხდება წარმონაქმნის გენეზის დადგენა.
საერთაშორისო კიბოს ინსტიტუტის (National cancer institute (seer.cancer.gov) მონაცემების მიხედვით ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალ გაჩენილ სიმსივნეებში 2,9%-შეადგენს პირის ღრუს სიმსივნეები, ხოლო 5 წლიანი სისცოცხლის ხანგრძლივობა აღინიშნება 64,5%.
პირის ღრუში არსებული წარმონაქმნების აღმოჩენის შემთხვევაში სადიაგნოსტიკოდ მიზანშეწონილია, წარმოებულ იქნეს ციტოლოგიური და მორფოლოგიური კვლევა, რომლის საფუძველზეც ხდება წარმონაქმნის გენეზის დადგენა. ავთვისებიანობის შემთხვევაში ტარდება დამატებითი გამოკვლევები და შემდგომ კონსილიუმის გადაწყვეტილებით, რომელიც ეყრდნობა საერთაშორისო გაიდლაინებს, მკურნალობის სწორი ტაქტიკის შემუშავება. იმის გათვალისწინებით, რომ პირის ღრუ თვითონ მოიცავს ცალკეულ ორგანოებს, მისი მკურნალობაც განსხვავდება. არასწორად შერჩეულ მკურნალობას კი მივყავართ ყველაზე დაავადების რეციდივთან და ხშირად ლეტალურ გამოსავალთან.
„მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში” ხდება პირის ღრუს ავთვისებიანი სიმსივნეების მქონე პაციენტებში მკურნალობის სწორი სტრატეგიის შემუშავება. იმ შემთხვევებში როდესაც ვერ ხერხდება კონსერვატიული მეთოდებით პაციენტის მკურნალობა, ტარდება სხვადასხვა სახის უნიკალური ოპერაცია, რათა გავაუმჯობესოთ პაციენტის სიცოცხლის ხარისხი და მივცეთ მას შანსი, იცხოვროს ავთვისებიანი სიმსივნის გარეშე.
ყოველდღიურ პრაქტიკაში საკმაოდ ხშირად ვხვდებით კანის კიბოსწინა ფაკულტატურ დაავადებებს, როგორებიცაა კერატომა, მოხუცებულთა კერატოზი, კერატოაკანთომა, კანის რქა, წითელი ბრტყელი ლიქენი, ათერომა, დერმული და ეპიდერმული ცისტები, პაპილომები. მათი მკურნალობა მიმდინარეობს თანამედროვე გაიდლაინების მიხედვით, სიმსივნის ზომიდან და ანატომიური მდებარეობიდან გამომდინარე ვიყენებთ კრიოდესტრუქციას, ახლოფოკუსიან სხივურ თერაპიას, კონსერვატიულ ქირურგიულ და ლაზეროქირურგიულ მეთოდებს.
ასევე, ჩვენს საექიმო პრაქტიკას უკავშირდება კანის კიბოსწინარე ობლიგატური დაავადებების გამოვლენა როგორებიცაა: დიუბრეის მელანოზი, ლენტიგოზური მელანოციტური დისპლაზია, ნევუსები. მკურნალობა ძირითადად ქირურგიულია, რის შემდეგაც პაციენტები ამბულატორიული დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. ცხოვრების მე-5, მე-6 და მე-7 დეკადის ადამიანებში საკმაოდ ხშირად ვხვდებით თავის თმიანი საფარველის და კანის სხვადასხვა ლოკალიზაციის სიმსივნურ დაავადებებს, მათ შორის უდიდესი ნაწილი უჭირავს კანის ბაზალურუჯრედულ კარცინომას (იგივე ბაზალიომა), ამ პათოლოგიის ქირურგიულ მკურნალობას ვაწარმოებთ ონკოლოგიური პრინციპების დაცვით, ოპერაცია ატარებს რადიკალურ ხასიათს, რის შემდეგაც არცთუ იშვიათად საჭირო ხდება ქსოვილოვანი დეფექტის დაფარვა ადგილობრივი ქსოვილების გამოყენებით, ვაწარმოებთ პლასტიკას როტირებული ან თავისუფალი ნაფლეთების გამოყენებით. პაციენტები მკურნალობის შემდგომ რჩებიან ამბულატორიულ მეთვალყურეობაზე, რაც საშუალებას გვაძლევს, დინამიკაში ვაკონტროლოთ ჭრილობის მდგომარეობა, დაავადების რეციდივის შემთხვევაში მისი ადრეული გამოვლენა. ხშირია კანის ბრტყელუჯრედოვანი კიბოს დიაგნოზით მომართვიანობა, ადრეულ სტადიებზე ვმკურნალობთ ახლოფოკუსიანი რენტგენოთერაპიით ან კრიოდესტრუქციით, ასევე ჩვენს კლინიკაში არსებული CO2 ლაზერის გამოყენებით. სიმსივნის დიდი ზომების შემთხვევაში ნაჩვენებია სხივური თერაპია ან სიმსივნის ფართო ქირურგიული ამოკვეთა. ლიმფური კვანძების დაზიანების შემთხვევაში ვატარებთ შესაბამისი ლიმფური მეტასტაზირების გზების ლიმფოდისექციას.
ცალკე ყურადღება უნდა დავუთმოთ კანის მელანომას, რომელიც აგრესიულად მიმდინარე სიმსივნეა, კომპლექსური მიდგომით ხდება დაავადების რადიკალური ამოკვეთა ქირურგიული გზით და საჭიროების შემთხვევაში შემდგომი სხივური, ქიმიო ან იმუნოთერაპიული მკურნალობა.
“მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში” ონკოდაავადებულთა მკურნალობა ტარდება თანამედროვე ონკოლოგიური პრინციპების და საერთაშორისო გაიდლაინების მკაცრი დაცვით. ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება და პროფესიონალიზმი განაპირობებს ჩვენს კლინიკაში არა მხოლოდ ქართველი პაციენტების მომართვიანობას, არამედ სხვა ქვეყნებიდან პაციენტების მნიშვნელოვან ნაკადს.
ყბებში ვხვდებით სხვადასხვა სახის სიმსივნეებს (კეთლთვისებიანი; ავთვისებაინი), რომელიც შესაძლოა განვითარებული იყოს როგორც უშუალოდ ძვლოვანი ქსოვილიდან, ასევე მის ირგვლივ მდებარე ქსოვილებისგან (ლორწოვანი გარსი, კბილის ქსოვილი და ა.შ.). ყბის სიმსივნეების კლინიკური გამოვლინებაა: ტკივილი, სახის და ძვლის დეფორმაცია, კბილების მორყევა, სიმსივნის გავრცელება ცხვირის ღრუში, ზედა ყბის წიაღში, თვალბუდეში და ა.შ.
ყბების ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების მიზეზებია: ერთმომენტიანი ან ქრონიკული ტრავმა (ღრძილის ლორწოვანის დაზიანება კარიესული კბილის კიდით, ქვებით, ბჟენის კიდით, არასწორად მორგებული კბილის გვირგვინებით ან პროტეზებით), ქრონიკულად მიმდინარე ანთებითი პროცესები (პერიოდონტიტი, სინუსიტი, აქტინომიკოზი, ყბის ოსტეომიელიტი), ასევე სხვადასხვა ქიმიური და ფიზიკური ფაქტორების ზემოქმედება (მაიონიზირებელი გამოსხივება, თამბაქო, ალკოჰოლი და სხვ.). ასევე, ზედა და ქვედა ყბაში შესაძლოა შეგვხვდეს სხვადასხვა ორგანოების ავთვისებინი სიმსივნეების მეტასტაზები (სარძევე ჯირკვალი, თირკმელები, ფარისებრი ჯირკვალი, წინამდებარე ჯირკვალი და სხვ.). ყბების კეთილთვისებიანი სიმსივნეებია: ამელობლასტომა, ოდონტომა, ცემენტომა, ოსტეომა, ოსტეობლასტოკლასტომა, ჰემანგიომა და ასევე კისტოზური წარმონაქმნები – ყველა ამ წარმონაქმნის მკურნალობაში წამყვანი როლი ეკუთვნის ქირურგიას. ავთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევაში (კიბო, სარკომა) ოპერაცია არის მკურნალობის წამყვანი მეთოდი, რიგ შემთხვევბში კი ერთადერთი შესაძლებელი მეთოდი.
“მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში” ზედა და ქვედა ყბის სიმსივნური პათოლოგიების ქირურგიულ მკურნალობას ანხორციელებენ გამოცდილი და მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, თანამედროვე ტექნოლოგიების და მასალების გამოყენებით, რაც თავისთავად განაპირობებს მკურნალობის ეფექტურობას. ყბების სიმსივნური წარმონაქმნების გარდა “მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში” ხორციელდება ყბების და თანკბილვის ჩონჩხოვანი ანომალიების გასწორება ქირურგიული გზით.
ადამიანის ნერწყვის გამოყოფას ემსახურება ხუთი დიდი სანერწყვე ჯირკვალი (წყვილი ყბისქვეშა და ყბაყურა სანერწყვე ჯირკვლები და ენისქვეშა სანერწყვე ჯირკვალი) და პირის ღრუს ლორწოვანში მდებარე მიმოფანტული მცირე სანერწყვე ჯირკვლები (ტუჩების, ლოყების, ენის და სასის). მცირე სანერწყვე ჯირკვლების დიამეტრი ზომაში რამდენიმე მილიმეტრია. ისინი განლაგებული არიან პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ლორწქვეშა შრეში. სანერწყვე ჯირკვლებში შესაძლებელია განვითარდეს როგორც კეთილთვისებიანი, ასევე ავთვისებიანი დაავადება.
მცირე სანერწყვე ჯირკვალი წარმოადგენს ერთგვარ “ტომარას” ერთი სადინრით. მისი შიდა ზედაპირი მოფენილია ნერწყვის გამომყოფი უჯრედებით. სადინრის დახმარებით ბლანტი ნერწყვი გამოდის ლორწოვანი გარსის ზედაპირზე და ასველებს მას. მცირე სანერწყვე ჯირკვლის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა მცირე სანერწყვე ჯირკვლის „რეტენციული” კისტა, რადგან მისი სუსტი ადგილი მისი სადინარია. იგი მიკროსკოპულად მცირეა, ამიტომ, ლორწოვანის მცირე ტრავმისასაც კი ძალზედ იოლია მისი დაზიანება. მაგალითად, ნებისმიერი მექანიკური ტრავმა, დამწვრობა როგორც თერმული, ასევე ქიმიური პრეპარატებით იწვევს გამომტანი სადინრის დახშობას, ნერწყვის სეკრეცია ვეღარ ხორციელდება პირის ღრუში, მაგრამ ამ დროს თავად ჯირკვალი განაგრძობს ფუნქციონირებას და აგრძელებს ნერწყვის აქტიურ გამოყოფას. ყველაზე ხშირად ასეთ შემთხვევებში ვითარდება მცირე სანერწყვე ჯირკვლის რეტენციული კისტები, რომლის მკურნალობის ერთადერთი რადიკალური მეთოდია ქირურგიული ჩარევა. თვითმკურნალობამ და არაკვალიფიციურმა სამედიცინო დახმარებამ შესაძლებელია გამოიწვიოს დაავადების მალიგნიზაცია (ავთვისებიანი გადაგვარება), მაგალითად, უკვე არსებულ წარმონაქმნზე მექანიკური ზემოქმედება და თერმული გაღიზიანება, რაც შემდგომი მკურნალობის ტაქტიკას და მასშტაბს რადიკალურად ცვლის.
ყბისქვეშა სანერწყვე ჯირკვალი ყბისქვეშა სამკუთხედში მდებარეობს და ადვილად ისინჯება ხელით, განსაკუთრებით – გადიდებისას. მისი სადინარი ენისქვეშა კორძებში იხსნება. ენისქვეშა სანერწყვე ჯირკვალი ყველაზე მცირე დამოუკიდებელი სანერწყვე ჯირკვალია. ის წაგრძელებული ოვოიდური ფორმისაა და ენის ძირზე, ენისქვეშა ნაოჭების ქვეშ მდებარეობს. ენისქვეშა ჯირკვალს ორგვარი სადინრები აქვს – დიდი ენისქვეშა სადინარი, რომელიც ყბისქვეშა ჯირკვლის სადინართან ერთად იხსნება ენისქვეშა კორძებში და მცირე ენისქვეშა სადინრები, რომლებიც ერთ მწკრივად იხსნება ენისქვეშა ნაოჭის მთელ სიგრძეზე. ყბისქვეშა და ენისქვეშა სანერწყვე ჯირკვლის კეთილთვისებიან დაავადებებში ყველაზე ხშირად გხვდება სანერწყვე ჯირკვლის კენჭოვანი დაავადებები, რომლებიც იწვევენ გამომტანი სადინრის დახშობას და შემდგომში ანთებითი პროცესის განვითარებას სანერწყვე ჯირკვალში, რაც თავის მხრივ იწვევს სანერწყვე ჯირკვლების ზომაში ზრდას, შესიებას, ტკივილს განსაკუთრებით საკვების მიღების დროს, რადგან ვერ ხერხდება ნერწყვის სეკრეცია პირის ღრუში. ამ შემთხვევებში აუცილებელია ქირურგიული მკურნალობა, რომლის მაქსიმალური მასშტაბი სანერწყვე ჯირკვლის ექსტირპაციით (ამოკვეთით) განისაზღვრება. რაც შეეხება ავთვისებიან მიმდინარეობებს, მკურნალობის ტაქტიკა განისაზღვრება დაავადების გავრცელებიდან გამომდინარე.
„მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში” უკვე 20 წელია დანერგილი და აპრობირებულია მცირე და დიდი სანერწყვე ჯირკვლების კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი დაავადებების მკურნალობის ყველა შესაძლო ალგორითმი. კეთილთვისებიანი მიმდინარეობების დროს მკურნალობის მაქსიმალური მასშტაბი შემოიფარგლება მხოლოდ მცირეინვაზიური ქირურგიული ჩარევით, ხოლო ავთვისებიანი პროცესების დროს შერწყმული მკურნალობის ტაქტიკა დაავადების გავრცელებიდან გამომდინარე: ქირურგიული, სხივური თერაპია და მედიკამენტოზური მკურნალობა (ქიმიოთერაპია)და მათი სხვადასხვა კონბინაცია
„მარდალეიშვილის სამედიცნი ცენტრის” მაღალკვალიფიციური პერსონალი უცხოელ კოლეგებთან ერთად და აშშ ნაციონალური კიბოს კვლევითი ჯგუფის მიერ მოწოდებული გაიდლაინების საფუძველზე (NCCN) კონსილიუმის საშუალებით არჩევს ამა თუ იმ დაავადების მკურნალობის რადიკალურ, სწორ და ინდივიდუალურ პაციენტზე მორგებულ მკურნალობის ტაქტიკას.
„მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის” თავისა და კისრის დაავადებების განყოფილებაში ტარდება სხვადასხვა სირთულის ქირურგიული ჩარევები კისრის ლიმფური კოლექტორის მეტასტაზური დაზიანების მკურნალობის მიზნით.
რას წარმოადგენს ლიმფური სისტემა
ლიმფური სისტემა ორგანიზმის თხიერი გარემოს შემადგენელი ნაწილია. იგი მოიცავს ლიმფურ ძარღვებს, რომლებშიც გამუდმებით მოძრაობს ლიმფა – უჯრედშორისი სითხე. იგი ორგანოებიდან გამოედინება და ვენურ კალაპოტში ჩაედინება. ლიმფური სისტემის კალაპოტში ლიმფის მოძრაობა ხელს უწყობს ორგანიზმში ქსოვილოვანი სითხის ბალანსს. ლიმფა თითქმის უფერული, ოდნავ მოყვითალო ფერის სითხეა.
ლიმფური კვანძები
ადამიანის ორგანიზმში ლიმფური კვანძების 150-ზე მეტი ჯგუფია. ეს კვანძები მრგვალია ან ოვალური, ზომა უმეტესად 0,5მმ-დან 1 სმ-მდე მერყეობს, თუმცა, არსებობს გაცილებით დიდი ზომის კვანძებიც. ლიმფური კვანძების მდგომარეობის მიხედვით შესაძლებელია ინფექციის ან ანთებითი პროცესების თაობაზე ეჭვის მიტანა. ნორმალურ მდგომარეობაში ლიმფური კვანძები არავითარ დისკომფორტს არ იწვევს, ანთებისას ან მეტასტაზურად დაზიანების დროს კი ისინი მტკივნეული ხდება და დიდდება, რაც სერიოზულ ყურადღებას მოითხოვს.
ლიმფური კვანძის ფუნქციები
- აქვე ხდება ტოქსიკური ნივთიერებების უვნებელყოფა
- ყოველი ლიმფური კვანძი ან კვანძთა ჯგუფი ლიმფას აგროვებს და აკონტროლებს სხეულის განსაზღვრულ ნაწილს
- ლიმფური კვანძი ორგანიზმის ბიოლოგიური ფილტრია
- აქვს ბარიერულ-დამცავი ფუნქცია, მრავლობითი მაკროფაგის დახმარებით უამრავ მიკრობს ანადგურებს
- მონაწილეობს სპეციფიკურ იმუნურ რეაქციებში
კისრის ლიმფური კვანძები
კისრის ლიმფური კვანძები ადამიანს სხვადასხვა ტიპის სიმსივნეებისა და ანთებითი პროცესების გავრცელებისაგან იცავს. მათი ნაწილი ქსოვილებში ღრმად მდებარეობს, მეორე ნაწილი კი შედარებით ზედაპირულად. კისრისა და კეფის ლიმფური კვანძები ერთგვარ ჯაჭვს – ქმნიან, რომლებიც პირველი სასიგნალო ორგანოა თავისა და კისრის ამა თუ იმ ანთებითი და ავთვისებიანი პროცესების დროს.
„მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში” სახეშეცვლილი (გადიდებული, მტკივნეული) ლიმფური კვანძების დიაგნოსტიკა ხორციელდება თანამედროვე ტექნოლოგიით. უახლესი კომპიუტერული ტომოგრაფიის, ულტრაბგერითი კვლევის აპარატების დახმარებით ხდება ზედაპირული თუ ღრმა ლიმფური კვანძების ვიზუალიზაცია და შემდგომში მათი ციტოლოგიური გამოკვლევა, იმისათვის რომ დადგინდეს გამომწვევი მიზეზი.
თავისა და კისრის ავთვისებიანი დაავადებების დროს მეორადი დაზიანება (მეტასტაზირება) პირველ რიგში ხდება კისრის ლიმფურ ჯირკვლებში. ისინი პირველები რეაგირებენ და ერთვებიან დაცვით ფუნქციაში, რათა მოახდინონ დაავადების გავრცელების პრევენცია. ლიმფური კვანძები აკავებენ (კეტავენ) თავის ქსოვილში ავთვისებიან უჯრედებს, რის შედეგადაც ხდება მათი გადაგვარება (გადიდება). აუცილებელია მეტასტაზურად დაზიანებული ლიმფური კვანძების ამოკვეთა (სრული ან ნაწილობრივი).
„მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში” პროფესორ კონსტანტინე მარდალეიშვილის ხელმძღვანელობით მაღალკვალიფიციური ქირურგ-ონკოლოგების მიერ ტარდება რადიკალური ქირუგიული მკურნალობა კისრის ლიმფურ კოლექტორზე. ჩვენი კლინიკის 20 წლიანი გამოცდილება, პროფესიონალიზმი, ასევე უახლესი ტექნოლოგიები უზრუნველყოფს პაციენტების გამოჯანმრთელების უმაღლეს მაჩვენებლებს.