“მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის” შექმნის იდეა 1995 წელს დაიბადა. იმ დროისთვის საქართველოში არ არსებობდა არცერთი კერძო კლინიკა. ამჟამინდელი ცენტრის სამი დამფუძნებელი, კონსტანტინე მარდალეიშვილი, გიორგი ლოლაძე და ვლადიმერ ხატელიშვილი დაუკავშირდნენ გერმანელ პროფესორ ალბერტ შელერს, ქალაქ კონვერტსთჰაიმის ერთ-ერთი ონკოლოგიური კლინიკის ხელმძღვანელს, რომელმაც ცენტრის გახსნის იდეა მოიწონა და დაეხმარა ქართველ კოლეგებს, როგორც ფინანსურად, ასევე კადრების მომზადებაში. ასე შეიქმნა პირველი კერძო ონკოლოგიური სამედიცინო ცენტრი საქართველოში. მას დაერქვა სახელი „ტრიონი“. იმ დროს, ასეთი ტიპის ცენტრი მხოლოდ ოცნება იყო. ონკოლოგიური ცენტრისაგან დაქირავებული იქნა 2 ოთახი და რამოდენიმე პალატა. ამ პირობებში ცენტრმა ორი წელი იმუშავა, 1996 წლისთვის კი შეიქმნა ქართულ-გერმანული სპეციალიზირებული კლინიკა, რომელიც უკვე ონკო-ცენტრის სრულ მე-9 სართულს იკავებდა.
სამედიცინო ცენტრის წარმატებული საქმიანობიდან გამომდინარე, მოთხოვნა ცენტრის მომსახურებაზე წლიდან წლამდე საგრძნობლად იზრდებოდა, ხოლო 2009 წლისთვის, დღევანელმა “მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრმა” შეიძინა საკუთარი შენობა, რომელიც მოეწყო თანამედროვე სტანდარტების მიხედვით. თავდაპირველად, ამ ცენტრის სახელწოდება იყო უჯრედული ტექნოლოგიების და თერაპიის ცენტრი, დღეს კი ცენტრი წარმოდგენილია, როგორც “ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი”, ბრენდის სახელი კი „მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრია“. დღეს კლინიკა ყოველდღიურად უამრავ პაციენტს ემსახურება. წლის განმავლობაში ჩვენს კლინიკაში ტარდება 3000-ზე მეტი ოპერაცია და ეს რიცხვი ყოველწლიურად მატულობს.