მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის დელეგაცია ბაჯოვარას სამოქალაქო საავადმყოფოში — გამოცდილების გაზიარება ფარისებრი ჯირკვლის რობოტული ქირურგიის მიმართულებით
დასრულდა ჩვენი ცენტრის ქირურგების დელეგაციის ვიზიტი ბაჯოვარას სამოქალაქო საავადმყოფოში (Ospedale Civile di Baggiovara), იტალია. ვიზიტის მთავარი მიზანი იყო ფარისებრი ჯირკვლის რობოტული ქირურგიის თანამედროვე მეთოდების სიღრმისეული შესწავლა — სფერო, რომელშიც ჩვენი ცენტრი მუდმივად ვაფართოებთ ჩვენს ცოდნას.
მოდენაში გატარებული ხუთი დღის განმავლობაში, ჩვენი ექიმები მონაწილეობდნენ კლინიკურ სესიებში და უშუალოდ აკვირდებოდნენ ფარისებრი ჯირკვლის რობოტული რეზექციის — ტირეოიდექტომიის — ოპერაციებს. ვიზიტს მასპინძლობდა – ბაჯოვარას ზოგადი, გადაუდებელი ქირურგიისა და ახალი ტექნოლოგიების განყოფილების ხელმძღვანელი ექიმი მიკაელა პიკოლი.
ჩვენთვის ეს თანამშრომლობა ბუნებრივი გაგრძელებაა იმ მიმართულებისა, რომელსაც წლებია ვაგროვებთ პრაქტიკულ გამოცდილეას. ჩვენთან ერთი წელია დაინერგა მრავალპორტიანი რობოტული სისტემა, რომლის მეშვეობითაც უკვე ჩატარდა 100-ზე მეტი ოპერაცია. ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო გავაფართოოთ რობოტის გამოყენება და ტექნოლოგია დავნერგოთ ფარისებრი ჯირკვლის ქირურგიაში, ამ მიმართულებით იტალიელ კოლეგებს მრავალწლიანი და მტკიცე გამოცდილება აქვთ.
ჩვენი დელეგაციის შემადგენლობა იყო:
- გიორგი ლოლაძე (MD, Ph.D) — მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორი
- დავით ღვინიაშვილი (MD, Ph.D) — კლინიკის სამედიცინო დირექტორი
- დავით ბახტურიძე (MD, Ph.D) — თავისა და კისრის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
- ემზარ ნადირაძე (MD, Ph.D) — ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
- დავით აბულაძე (MD, Ph.D) — ინოვაციური სამედიცინო ცენტრის (Innova) ზოგადი და ბარიატრიული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს მინიმალურად ინვაზიური ქირურგიის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი
„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ექიმ პიკოლისა და მისი გუნდის ასეთი თბილი მიღებისთვის. ჩვენ უკვე ერთი წელია, რაც დავიწყეთ რობოტული ქირურგია გინეკოლოგიასა და ზოგადი ქირურგიის მიმართულებით, ახლა გვსურს ფარისებრი ჯირკვლის მიმართულებით გამოვიყენოთ ეს უახლესი ტექნოლოგია— ცენტრის მომართვიანობიდან გამომდინარე, უნაწიბურო ქირურგიაზე პაციენტთა მოთხოვნა მუდმივად იზრდება. მოდენის ცენტრი ევროპაში ერთ-ერთი წამყვანია ამ ტიპის ქირურგიის სწავლების კუთხით, ამიტომ ექიმ პიკოლის გუნდთან თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია . დიდი მადლობა მთელ პერსონალს — საექთნო გუნდიდან ქირურგებამდე — გულითადი მასპინძლობისთვის”.
მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორი, გიორგი ლოლაძე,
„სასწავლო გაცვლითი პროგრამები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი მსგავსი მაღალსპეციალიზებული სტრუქტურისთვის — ეს გვაძლევს პიროვნული და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას. დიდი პატივია ქართველი კოლეგების მიღება და თანამშრომლობაზე მსჯელობა, რათა ორმხრივად გავაღრმავოთ ცოდნა”.
მოდენის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, ინჟინერი ლუკა ბალდინო
ვიზიტისას შეხვედრას ესწრებოდნენ ბაჯოვარას საავადმყოფოს წარმომადგენლები ექიმი ბარბარა მულინერისი და ექიმი ჯოვანი კოლი.
ექიმი მიკაელა პიკოლი ასევე გამოეხმაურა ჩვენი დელეგაციის ვიზიტს: „საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ონკოლოგიური კლინიკიდან დელეგაციის მიღება ჩვენთვის დიდი პატივია. ფარისებრი ჯირკვლის რობოტული ქირურგია დღეს ენდოკრინული ქირურგიის ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე მიმართულებაა.
ეს ვიზიტი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო პროფესიული დიალოგისთვის და საფუძველი ჩაუყარა მომავალ თანამშრომლობას ბაჯოვარას საავადმყოფოსთან — ჩვენ ვგეგმავთ ტრენინგებს, გუნდების გაცვლით პროგრამებსა და ერთობლივი კლინიკური პროექტების განვითარებას, რათა კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ჩვენი პაციენტებისთვის მკურნალობის ხარისხი.



