სიზუსტის ხელოვნება: საქართველოში მეექვსე ლაბორატორიული კვირეული დასრულდა
საქართველოში წარმატებით ჩატარდა „ლაბორატორიული კვირეული 2026“, რომლის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ნინო აბესაძეა. ღონისძიებამ კიდევ ერთხელ გააერთიანა დარგის ათეულობით სპეციალისტი საერთო მიზნის — პაციენტზე ზრუნვისა და დიაგნოსტიკის ხარისხის ამაღლების ირგვლივ.
რატომ არის ეს ინიციატივა მნიშვნელოვანი?
ორგანიზატორების მთავარი მოტივაცია ლაბორატორიული მედიცინის „ჩრდილიდან გამოყვანა“ და იმ ადამიანების დაფასებაა, რომელთა ზუსტ მუშაობაზეც სამედიცინო გადაწყვეტილებების 70%-ზე მეტია დამოკიდებული. მათი მიზანია ქვეყანაში ხარისხის მაღალი სტანდარტის დამკვიდრება და პროფესიული ერთობის გაძლიერება, რათა ლაბორატორია აღქმული იყოს, როგორც კლინიკური მედიცინის განუყოფელი ფუნდამენტი.
მეცნიერება და შემოქმედება
წლევანდელი კვირეული ტრადიციული ფორმატისგან განსხვავებით, მეცნიერებისა და ხელოვნების სინთეზს წარმოადგენდა. ორგანიზატორებმა მონაწილეებს შესთავაზეს:
- უნიკალური კლინიკური კაზუსების განხილვა და გამოცდილების გაზიარება.
- თემატური ნახატების, ფოტოებისა და ვიდეოპროექტების გამოფენა, სადაც მიკროსამყარო ხელოვნების ნიმუშებად გარდაიქმნა.
- მუსიკალური პერფორმანსები, რომლებმაც ხელი შეუწყო კოლეგიური ურთიერთობების განმტკიცებასა და სადღესასწაულო განწყობის შექმნას.
ორგანიზატორების თქმით, მსგავსი ღონისძიებები საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საუკეთესო გზაა. კვირეულმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თითოეული ლაბორატორიული ანალიზის მიღმა დგას უდიდესი პასუხისმგებლობა ადამიანის სიცოცხლის წინაშე.



