საქართველოში პირველად ჩატარდა თირკმლის ტრანსპლანტაცია, რომლის დროსაც რობოტული ქირურგიის შესაძლებლობები გამოიყენეს. პაციენტი 44 წლის მამაკაცია, რომელსაც თირკმლის ქრონიკული უკმარისობა ჰქონდა და ოპერაციამდე ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიას გადიოდა.

ოპერაციას თიერი ბერნი (Thierry Berney) და გიორგი ხვადაგიანი ხელმძღვანელობდნენ. თიერი ბერნი მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის ზოგადი და აბდომინალური ქირურგი და ტრანსპლანტოლოგია, ასევე ჟენევის უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი. გიორგი ხვადაგიანი ექიმი უროლოგია და ჟორდანიას სამედიცინო ცენტრის უროლოგიური ქირურგიის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.

ამ შემთხვევის მნიშვნელობა მხოლოდ საქართველოში პირველად გამოყენებულ ტექნოლოგიას არ უკავშირდება. თირკმლის ცოცხალი დონორიდან გადანერგვისას ქირურგიული გუნდის წინაშე ერთდროულად რამდენიმე ამოცანა დგას: პროცედურა მაქსიმალურად უსაფრთხო უნდა იყოს სრულიად ჯანმრთელი დონორისთვის, ამასთან, ორგანო უნდა იქნას ამოღებული ისე, რომ მისი სისხლძარღვები და სხვა მნიშვნელოვანი ანატომიური სტრუქტურები მაქსიმალურად დაცული დარჩეს. სწორედ ამ ეტაპზე იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ქირურგიული სიზუსტე.

პირველი შემთხვევა, უპირველესად, აჩვენებს, რომ თირკმლის ტრანსპლანტაციის პროცესში მაღალი სიზუსტის რობოტული ტექნოლოგიის გამოყენება უკვე საქართველოშიც გახდა შესაძლებელი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში დონორმა კლინიკა მესამე დღეს დატოვა, რეციპიენტმა მეცხრე დღეს, ხოლო გადანერგილმა თირკმელმა ფუნქციონირება ოპერაციის შემდეგ მყისიერად დაიწყო.

რას ცვლის რობოტული ქირურგია დონორისთვის?

ცოცხალი დონორის შემთხვევაში ოპერაციის უსაფრთხოებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ადამიანი ქირურგიულ პროცედურას სხვა პაციენტის დასახმარებლად იტარებს. შესაბამისად, თანამედროვე ტრანსპლანტოლოგიის ერთ-ერთი მიმართულება დონორისთვის ოპერაციული ტრავმის მაქსიმალურად შემცირებაა.

რობოტული ქირურგია ექიმს საშუალებას აძლევს, ოპერაცია მცირე ჭრილობებით და მაღალი სიზუსტით ჩაატაროს. კონკრეტულ შემთხვევაში ტექნოლოგიის უპირატესობებს შორის სახელდება მინიმალური ჭრილობა, ნაკლები ტკივილი და სისხლდენა და უფრო სწრაფი რეაბილიტაცია. ამ მიდგომის პრაქტიკული შედეგიც დონორის კლინიკაში ყოფნის ხანგრძლივობაში გამოჩნდა: მან სამედიცინო ცენტრი ოპერაციიდან მესამე დღეს დატოვა.

საერთაშორისო სამედიცინო ლიტერატურაშიც რობოტით ასისტირებული დონორული ნეფრექტომია, ანუ ცოცხალი დონორიდან თირკმლის ამოღება, მინიმალურად ინვაზიურ და ეფექტიან მეთოდად განიხილება. 2025 წელს გამოქვეყნებულმა მიმოხილვამ სხვადასხვა ცენტრის გამოცდილების ანალიზის საფუძველზე აჩვენა, რომ ამ მეთოდის გამოყენებისას გართულებების მაჩვენებელი მინიმალურია.

ამასთან, სამეცნიერო მონაცემების შეფასებისას მნიშვნელოვანია სიფრთხილეც: რობოტული მიდგომა ყველა პარამეტრით ავტომატურად არ სჯობს სხვა მინიმალურად ინვაზიურ მეთოდებს. კვლევებში მისი ერთ-ერთი ყველაზე თანმიმდევრულად ნაჩვენები უპირატესობა ნაკლები პოსტოპერაციული ტკივილი და კლინიკაში ხანმოკლე დაყოვნებაა.

სიზუსტე, რომელიც უშუალოდ ორგანოსაც ეხება

თირკმლის ტრანსპლანტაციისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ორგანოს სისხლძარღვების უსაფრთხოდ გამოყოფაა. თირკმელს არტერია და ვენა სისხლით ამარაგებს და მათი სიგრძისა და მთლიანობის მაქსიმალურად შენარჩუნება შემდგომი ტრანსპლანტაციისთვის მნიშვნელოვანია. ანატომია ყოველთვის ერთნაირი არ არის: ზოგიერთ ადამიანს შეიძლება თირკმლის რამდენიმე არტერია ან სხვა ანატომიური თავისებურება ჰქონდეს, რაც ქირურგიული მანიპულაციის სირთულეს ზრდის.

რობოტული სისტემის შესაძლებლობები განსაკუთრებით სწორედ ასეთ გარემოშია საინტერესო. ქირურგი ოპერაციულ ველს გადიდებული, სამგანზომილებიანი ხედვით აკვირდება, ხოლო ინსტრუმენტების მოძრაობის მაღალი სიზუსტე ძალიან მცირე სივრცეში კონტროლირებული მანიპულაციების ჩატარების საშუალებას იძლევა. რობოტული ქირურგიის შესახებ გამოქვეყნებულ მიმოხილვებში სწორედ გაუმჯობესებული ვიზუალიზაცია და ინსტრუმენტების მოქნილობა სახელდება ტექნოლოგიის ერთ-ერთ მთავარ ქირურგიულ უპირატესობად.

ამიტომ, დონორისთვის მცირე ჭრილობა რობოტული მიდგომის მხოლოდ ერთი მხარეა. მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი გადასანერგი ორგანოს მომზადებაა: სისხლძარღვების უსაფრთხო გამოყოფა და რთული ანატომიის ზუსტი მართვა საბოლოოდ ქირურგიულ გუნდს საშუალებას აძლევს, თირკმელი ტრანსპლანტაციისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელ მდგომარეობაში შეინარჩუნოს.

საქართველოში ჩატარებულ შემთხვევაში გადანერგილმა თირკმელმა მუშაობა დაუყოვნებლივ დაიწყო. ტრანსპლანტაციის შემდეგ ორგანოს ფუნქციის სწრაფი დაწყება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადრეული კლინიკური მაჩვენებელია, თუმცა კონკრეტული პაციენტის გრძელვადიანი შედეგის შესაფასებლად შემდგომი დაკვირვებაც აუცილებელია.

რობოტული ქირურგია ტრანსპლანტოლოგიაში

რობოტული სისტემები უკვე რამდენიმე წელია გამოიყენება უროლოგიასა და სხვადასხვა ტიპის კომპლექსურ ოპერაციებში, თუმცა ორგანოთა ტრანსპლანტაციაში მათი დანერგვა შედარებით უფრო ახალი მიმართულებაა. ტექნოლოგია გამოიყენება როგორც დონორული თირკმლის ამოღებისას, ისე სპეციალიზებულ ცენტრებში თავად რობოტით ასისტირებული თირკმლის ტრანსპლანტაციის დროსაც.

ევროპის უროლოგთა ასოციაციის გაიდლაინში რობოტით ასისტირებული თირკმლის ტრანსპლანტაციის შესაძლო უპირატესობებად მცირე ჭრილობა და ნაკლები პოსტოპერაციული ტკივილიც სახელდება. ამავე დროს, ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ მეთოდი მოითხოვს გამოცდილ, სპეციალიზებულ გუნდს.

ერთი ოპერაცია, ბუნებრივია, ტექნოლოგიის გრძელვადიანი ეფექტიანობის შესახებ ფართო დასკვნის საფუძველი ვერ იქნება. თუმცა თიერი ბერნის მიერ ჩატარებული პროცედურა ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანია რობოტული ქირურგიის გამოყენება რეციპიენტისთვის, რადგან ყველაფერი მაქსიმალური სიზუსტით ხდება.

ამავდროულად, საერთაშორისო გამოცდილების ფონზე აღნიშნული ოპერაცია საინტერესოა სხვა თვალსაზრისით: საქართველოში ტრანსპლანტოლოგიის პრაქტიკაში ხელმისაწვდომი გახდა მიდგომა, რომელიც ქირურგს რთული ანატომიური სამუშაოს უფრო ზუსტად შესრულების საშუალებას აძლევს, დონორისსა და რეციპინეტისთვის კი ოპერაციული ტრავმის შემცირების შესაძლებლობას ქმნის.